მეთადონი ხანგრძლივი (24, 36 სთ) მოქმედების სინთეზური ნარკოტიკული საშუალებაა. იგი ოპიოიდების აგონისტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მორფინისა და მისი მსგავსი სხვა ნარკოტიკული საშუალებების ანალოგიურად მოქმედებს. მეთადონი, როდესაც იგი გამოიყენება მხარდამჭერი ანუ ჩანაცვლებითი თერაპიისათვის, შესაბამისი დოზებით, ნარკოტიკული ეფექტის   (ე.წ “კაიფი“) წარმოქმნის გარეშე მნიშვნელოვნად ამცირებს ნარკოტიკების მოთხოვნილებას და აღმოფხვრავს აღკვეთის სინდრომის (ე.წ.”ლომკის”) ნიშნებს. ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მეთადონით მკურნალობისას, როგორც წესი, პაციენტი თავს ნორმალურად გრძნობს, ადეკვატური და შრომისუნარიანია. ასეთი მკურნალობა ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირს საშუალებას აძლევს გაიუმჯობესოს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, უარი თქვას კრიმინალურ ცხოვრებაზე, ეფექტურად ისწავლოს, იმუშაოს, გახდეს საკუთარი ოჯახისა თუ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ზოგიერთ პაციენტს აგონისტებით მხარდამჭერი პროგრამა ეხმარება ნარკოტიკებზე, მათ შორის ჩამანაცვლებელ ნარკოტიკზეც, საბოლოოდ უარის თქმასა და ნარკოტიკებისგან სრულიად თავისუფალი ცხოვრების დაწყებაში.