წამალდამოკიდებულთა მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, რომელთაგან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხდება ოპტიმალური მიდგომის შერჩევა. მკურნალობის მეთოდებს შორის აღსანიშნავია დეტოქსიკაცია და ჩანაცვლებითი თერაპია

ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება ქრონიკულ დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სრულ განკურნებაზე არ ლაპარაკობენ. ამ შემთხვევაში მკურნალობის მიზანია, მოხერხდეს რემისია (ფსიქოაქტიურ ნივთიერებებისგან თავის შეკავება) და რაც შიეძლება დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს იგი. მკურნალობა ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პიროვნებას აქვს საკმარისი სურვილი, არის მოტივირებული და შესაბამისად, მჭიდროდ თანამშრომლობს ჯერ ნარკოლოგთან, შემდეგ კი ფსიქოთერაპევტთან, მაქსიმალურად იცავს რჩევებს, ქცევის შეთანხმებულ წესებს, ცდილობს სრულ რესოციალიზაციას.

დეტოქსიკაციის დროს  კლინიკაში ხდება ფსიქოაქტიური ნივთიერებების, ნარკოტიკული ტოქსინებისგან გათავისუფლება და ამ ფონზე მოსალოდნელი აღკვეთის მდგომარეობის (ე. წ. ლომკების) შედარებით უმტკივნეულოდ გადატანა სხვადასხვა ფარმაკოლოგიური საშუალებებით. ბევრი კლინიკა ამ პროცესში ფარმაკოლოგიურ საშუალებებთან ერთად იყენებს ფიზიოთერაპიულ პროცედურებსა და სხვა სამკურნალო მეთოდებს. დეტოქსიკაციის პარალელურად წარმოებს ფსიქოთერაპიაც. დეტოქსიკაციის დასრულების შემდეგ კი რემისიაში მყოფი ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებული პირი  გადადის აქტიურ სამედიცინო-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ეტაპზე, რაც, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში იგნორირებულია პაციენტის მიერ და ხდება რეციდივის, ანუ ნარკოტიკების მოხმარების განახლების მიზეზი.