ბევრ ადამიანს არ ესმის სხვა ადამიანები რატომ ხდებიან „ნარკომანები“, უფრო სწორად ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე (ნარკოტიკებზე) დამოკიდებულნი, მოკლედ - წამალდამოკიდებულნი. შეცდომაა ვარაუდი, თითქოს ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულნი (ნარკომანები), წამალდამოკიდებულნი დაბალი მორალური პრინციპებისა და ნებისყოფის ადამიანები არიან და მათ არ შეუძლიათ მარტივად შეწყვიტონ ნარკოტიკების მიღება და შეცვალონ თავიანთი ცხოვრების წესი. სინამდვილეში, დამოკიდებულება (ნარკომანია) რთული, კომპლექსური დაავადებაა და შეწყვეტა მოითხოვს გაცილებით მეტს, ვიდრე კეთილი ზრახვები და ძლიერი ნებისყოფა. ფაქტია, რომ ფსიქოაქტიური ნივთიერებები (ნარკოტიკები) ცვლიან ტვინს ისე, რომ იწვევენ კომპულსიურ ნარკომანიას, ანუ ფსიქოაქტიური ნივთიერების (ნარკოტიკების) აკვიატებულ ძიებას და მოხმარებას, ამიტომ შეწყვეტა რთულია, მათთვისაც კი ვინც მზად არის ამისთვის.

მეცნიერების მიღწევებიდან გამომდინარე დღეს ცნობილია თუ როგორ მოქმედებენ ფსიქოაქტიური ნივთიერებები (ნარკოტიკები) ტვინზე და ისიც ცნობილია, რომ დღეს შესაძლებელია დამოკიდებულების (ნარკომანიის) წარმატებული მკურნალობა, რომ დაეხმარონ ადამიანებს შეწყვიტონ ფსიქოაქტიური ნივთიერებების (ნარკოტიკების) მიღება და იცხოვრონ ნაყოფიერად.

 

ადამიანები მოიხმარენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს (ნარკოტიკებს) სხვადასხვა მიზეზების გამო. ისინი ხდებიან მომხმარებლები, როდესაც იწყებენ ამ ნივთიერებების მოხმარებას არამიზნობრივად (ლეგალურ და არალეგალურ - მაგ. თამბაქო ან ალკოჰოლი), რაც გულისხმობს ამ  ნივთიერებების განმეორებით გამოყენებას სიამოვნების, სტრესის შემსუბუქების თუ რეალობიდან გაქცევის მიზნით. ეს ასევე გულისხმობს რეცეპტორული (გამოწერილი) პრეპარატების არათერაპიული დოზებით და მიზნებით მიღებასაც (ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანია“).  

დამოკიდებულება ვითარდება მაშინ, როდესაც პიროვნება ვეღარ აკონტროლებს ამ ნივთიერებების მიღებას, მიუხედავად მისი უარყოფითი შედეგებისა. ეს ქცევითი ცვლილება გამოწვეულია ტვინის ფუნქციური ცვლილებით.

 

ნარკომანია ანუ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება, იგივე წამალდამოკიდებულება, ქრონიკული მორეციდივე ტვინის დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ფსიქოაქტიური ნივთიერებების  დაუძლეველი, აკვიატებული (კომპულსიური) ძიებით და მოხმარებით, მიუხედევად მისი ნეგატიური (უარყოფითი) შედეგებისა. ის განიხილება როგორც ტვინის დაავადება, რადგანაც ფსიქოაქტიური ნივთიერებები (ნარკოტიკები) ცვლიან ტვინს, მის სტრუქტურას და მუშაობას. ტვინის ეს ცვლილებები მიმდინარეობს ხანგრძლივად და  პიროვნება მიჰყავს ბევრ მავნე, ხშირად თვით-დამანგრეველ (დესტრუქციულ) ქცევებამდე.

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიხედვით დამოკიდებულება ვითარდება მაშინ, როცა რომელიმე ფსიქოაქტიური ნივთიერების  მოხმარებისგან ან რაიმე საქციელის შედეგად ჩნდება პრობლემა ფიზიკურ, ინტელექტუალურ, ემოციურ, სოციალურ და სულიერ სფეროებში და მიუხედავად ამისა, პიროვბნება აგრძელებს ნივთიერების მიღებას ან საქციელს (მაგ. აზარტული თამაშები). ანუ, თვითონ ადამიანი ხედავს ნეგატიურ შედეგებს, მაგრამ აგრძელებს ნივთიერების მოხმარებას ან საქციელს.

 

კვლევებით დადგინდა, რომ  ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება იწვევს ტვინის იმ უბნების ფიზიკურ ცვლილებებს, რომელიც კრიტიკულია მსჯელობის, გადაწყვეტილების მიღების, სწავლის უნარის, მეხსიერების და საქციელის კონტროლისათვის.

ჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ((ICD-10), და ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის (DSM-IV) კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების სინდრომი დიაგნოსტირებულია,  თუ ქვემოთ ჩამოთვლილი  ნიშნეიბიდან სამი ან მეტი ნიშანი ერთდროულად აღინიშნება გარკვეული დროის (12 თვის) მანძილზე:

  • ტოლერანტობა. მოიხმარდით უფრო მეტ (მზარდი დოზებით) ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს დროთა განმავლობაში?
  • აღკვეთა. გქონიათ ფიზიკური და ემოციური პრობლემები/დისკომფორტი („ლომკა“) ფსიქოაქტიური ნივთიერებების (ნარკოტიკების) მიღების შეწყვეტისას? გქონიათ შფოთვა, გაღიზიანებადობა, კანკალი, ოფლიანობა, გულისრევა და ღებინება? ემოციური აღკვეთა („ლომკა“) ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური.
  • შეზღუდული გაკონტროლება. მიგიღიათ ფსიქოაქტიური ნივთიერებები  იმეზე მეტი ვიდრე გდომებიათ და იმაზე მეტი ხნით/პერიოდით ვიდრე აპირებდით? გამოგიხატიათ წუხილი მიღებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების რაოდენობისა და სიხშირის გამო?
  • ლტოლვა. გქონიათ ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღების დაუოკებელი სურვილი?
  • ნეგატიური, მავნე შედეგები. გაგირძელებიათ ფსიქოაქტიური ნივთიერებების (ნარკოტიკების) მოხმარება მიუხედავად იმისა რომ ცუდად მოქმედებდა თქვენს ხასიათზე, განწყობაზე, თავმოყვარეობაზე, ჯანმრთელობაზე, სამსახურზე ან ოჯახზე?
  • საქმიანობის გადადება ან უგულებელყოფა. გადაგიდიათ ან უარი გითქვავთ სასიამოვნო, ოჯახის, სამსახურის  და ან სხვა ალტერნატიულ საქმიანობაზე ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების გამო?
  • შეწყვეტის სურვილი. გიფიქრიათ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შეწყვეტაზე ან საკუთარი თავის გაკონტროლებაზე მათი მიღებისგან? გქონიათ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შეწყვეტისა ან მათი მიღების გაკონტროლების წარუმატებელი მცდელობა?