რა არის ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამის მიზანი?

პროგრამის მიზანია ნარკომანიით დაავადებულ პირთა უზრუნველყოფა მკურნალობით, რეაბილიტაციით, ჩანაცვლებითი თერაპიითა და ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით.

რა მომსახურებებს მოიცავს ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამა?

• სტაციონარული დეტოქსიკაცია და პირველადი რეაბილიტაცია;

• ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების უზრუნველყოფა (მაგ. მეთადონით უზრუნველყოფა) ქ. თბილისსა და რეგიონებში (კახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი);


ვინ არის ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე?

 ნარკომანიით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები
 

რას იხდის მოსარგებლე და ვის ენიჭება პრიორიტეტი?

ა). მოსარგებლე ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამის კომპონენტის 

სტაციონარული დეტოქსიკაცია და პირველადი რეაბილიტაცი  მომსახურებაში არაფერს იხდის;

პრიორიტეტი ენიჭება ბენეფიციარებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  1. პაციენტები, რომლებსაც ჯერ არ უსარგებლიათ ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამის „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის“ კომპონენტით;
  2.  აივ-ინფიცია/შიდსით დაავადებული პირები;
  3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;
  4. 18-25 წლამდე ასაკის პაციენტები;
  5. ქალები.

ბ). ჩანაცვლებითი თერაპიის  განხორციელებისას პაციენტის მხრიდან გათვალისწინებულია თანაგადახდა, ერთი თვის განმავლობაში არაუმეტეს 110 ლარისა.

თანაგადახდა არ ეხებათ  აივ ინფიცირებულებს;  „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ იმ ოჯახების წევრებს,

რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს; ორსულებს.
 

ვის უნდა მიმართოთ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიმართოთ პროგრამის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას.

საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში.

საქართველოს მთავრობის N650 დადგენილება 2014 წელი 2 დეკემბერი. 2014 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის N723 დადგენილება 2014 წელი 26 დეკემბერი.